კახა კალაძე არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე EPP-ის დამოკიდებულებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი
თბილისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხისადმი ევროპის სახალხო პარტიის დამოკიდებულებას ორმაგ სტანდარტად აფასებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა „გამჭვირვალობის კანონის“ გამო, ახლა თავად საუბრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. გამჭვირვალობას ცხადია, არ აქვს ალტერნატივა. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ცუდი იყოს, ან დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი? ეს ხომ წარმოუდგენელია? უბრალოდ მაშინ ასე სჭირდებოდათ და ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. აღნიშნულ კანონპროექტს ფუთავდნენ „რუსულ კანონად“, როცა მას რუსეთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. ის ერთადერთ რამეს ითხოვდა – გამჭვირვალობას. თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ხმარდებოდა პირდაპირ პოლიტიკას, შავი ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, სახელმწიფო გადატრიალებას და მთავრობის დამხობის სცენარებს, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავხდით, მაგრამ არ გამოუვიდათ, ამიტომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ევროპაშიც, ამერიკაშიც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევის შემდეგ პირველი, რაზეც ისაუბრა და გააკეთა მითითებები, იყო იმ ორგანიზაციების დახურვა, მათ ტრანზაქციებზე კითხვები. მაგალითად NEED, USAID. უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. შესაბამისად, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და კანონი, რომელიც მივიღეთ, მოგვცემს შესაძლებლობას, ვნახოთ, თუ რა პროექტებში იხარჯება თანხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.