პრეზიდენტ მარგველაშვილს სასამართლოში უჩივლეს
იურისტმა ავთანდილ კახნიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს. იურისტი მოქმედ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს წევრად ვახტანგ მჭედლიშვილის დანიშვნას ედავება და ამბობს, რომ შესარჩევი კონკურსი პირობების სრული იგნორირებით ჩატარდა. ავთანდილ კახნიაშვილის შეფასებით, აღნიშნულ თანამდებობაზე მჭედლიშვილის გაყვანა კომისიის წევრების მხრიდან წინასწარ იყო განზრახული, რითაც მისი უფლებები დაირღვა.
“ამ სარჩელის მიზანია, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ განუკითხაობაზე, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაში ხდება. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მორჩილი მოსამართლეების ის გუნდი დატოვეს, რომელიც პროკურატურის დავალებებს და მითითებებს ბრმად ასრულებდა. მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს კონტროლს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უწევს და როცა მისი არსებობა ფორმალურია, 99% გამამტყუნებელ განაჩენებს ვიღებთ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იუსტიციის საბჭოში 9 კაცი ძველი ხელისუფლების მიერ იქნა არჩული. ამას დაემატა რამდენიმე ადამიანი ახალი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, უპირატესობა ისევ ძველს დარჩა“, – აცხადებს ვახტანგ კახნიაშვილი „მთელ კვირასთან“.
კახნიაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული და კონკურსზე შესული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის 2014 წლის 16 იანვრის #16/01/01 განკარგულება გამოცემულია 2013 წლის 30 დეკემბრის #30/12/01 განკარგულებით განსაზღვრული წესების დაუცველად და კონკურსი ისეთი დარღვევებით ჩატარდა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
კახნიაშვილი პრეზიდენტის სწორედ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და კონკურსის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 3 აპრილს პირველ საათზეა ჩანიშნული. მოსარჩელე კახნიაშვილი აცხადებს, რომ 14 მარტს სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, სადაც პრეზიდენტის წარმომადგენლად იურისტი ფიქრია ზირაქიშვილი ესწრებოდა.
როგორც კახნიაშვილი აცხადებს, ვახტანგ მჭედლიშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში გამოვლინდა განზრახ ან უნებლიედ შეტანილი არასწორი და წინააღმდეგობრივი მონაცემები, მისი წარდგენა მოახდინა არაუფლებამოსილმა სუბიექტმა, ხოლო კანდიდატების შერჩევა – ასევე არაუფლებამოსილმა ორგანომ “კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით” შექმნილმა კომისიამ განახორციელა. აქედან გამომდინარე, კახნიაშვილი ფიქრობს, რომ კონკურსს მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა და სინამდვილეში მჭედლიშვილი წინასწარ შერჩეული კანდიდატი იყო.
„ამ პროცესში პრეზიდენტს ერთი პირის დანიშვნის საშუალება მიეცა, ამისთვის კი კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობას მეც ვიღებდი. ჩემთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა პიროვნებამ, რომელიც 15 წელია ამ სტრუქტურებში მუშაობდა და ამ ნაკლოვან მხარეებზე ხმა არასდროს ამოუღია. გადავხედე მის დოკუმენტებს და აღმოჩნდა, რომ ის კონკურსის პირობებს საერთოდ არ აკმაყოფილებდა. ამ კაცს სამეცნიერო ნაშრომიც კი არ აქვს დაწერილი“, – აცხადებს ვახტანგ კახნიაშვილი.
გაზეთის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ 16 თებერვალს შევიდა, მოსამზადებელი სხდომა 14 მარტს შედგა, საქმის არსებითი განხილვა კი 3 აპრილს არის ჩანიშნული. მოსარჩელე და მოპასუხე მხარის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის არსებით განხილვაში ვახტანგ მჭედლიშვილიც ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მჭედლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატად ორგანიზაცია “საქართველოს ადვოკატების დამოუკიდებელი პროფესიისათვის” მიერ იყო წარდგენილი. ის პროფესიით იურისტია და სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე კანონშემოქმედებითი მიმართულებით საქმიანობდა. 2013 წელს მჭედლიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამჟამად იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.