ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “WIZZ AIR”-ი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. შესრულდა კიდევ ერთი რეისი ევროპის გეოგრაფიული ცენტრიდან – ვილნიუსიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2013 წლის მანძილზე ყოველდღიურად მიმდინარეობდა მუშაობა იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისები დამატებოდა. “2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტის გახსნა მოხდა ძალიან ნაჩქარევად, შესაბამისად მთელი 2013 წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებას ყოველდღიურად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ აეროპორტს ნორმალური ფუნქციონირება გაეწია: გამოიყო დამატებით 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, დასრულდა სამშენებლო სამუშოები, გასტუმრებულ იქნა კრედიტორული დავალიანება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი იყოს წარმატებული, სერვისები კი – მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩვენი მეშვეობით და მეოხებით დღეს ქუთაისის აეროპორტში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახუროს მგზავრებსა და ავიაკომპანიებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ 2013–2014 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა 100%-ზე მეტით გაიზარდა. ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 228 150 მგზავრს და 2198 რეისს. მათ შორის, 2014 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 50 997 მგზავრს და 246 რეისს.

სადღეისოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებებით: კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ვარშავა, კატოვიცე, მოსკოვი, მინსკი, თელავივი. გარდა ამისა, აეროპორტი ასევე ემსახურება კერძო ჩარტერებს და ბიზნეს ჯეტებს. ზაფხულის სეზონიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება ახალი მიმართულებები: ლვოვი (მაისიდან) და ბუდაპეშტი (სექტემბერიდან). 2015 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება Wizz Air ბაზის გახსნა, რაც გამოიწვევს ქართული ეკიპაჟების დასაქმებას და ასევე ახალ მიმართულებებს გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მიმართულებით. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ავიარეისების მატებასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდება საერთაშორისო მოფრენის დარბაზის გაფართოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აეროპორტს დაემატა ახალი მომსახურებები, კერძოდ: მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით; უბაჟო ვაჭრობის მაღაზია; 3 კვების ობიექტი; გაიხსნა სხვადასხვა სალაროები, ბანკი; ამუშავდა ავტომატური ავტოსადგომი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციამ რეისის პირველ მგზავრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო და თითოეულ მგზავრს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები