მცხეთა შესაძლოა, იუნესკოს სიიდან ამოირიცხოს -ბიზნესმენი უგულავა დაცულ ზონაში აეროპორტს აშენებს

„მცხეთა საფრთხეშია! ქალაქი, რომელსაც იუნესკო მფარველობს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ინტერესებს ეწირება“, – ამ შინაარსის სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
გამოცემას, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა სკანდალური ჩანაწერი მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიზნესმენი მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაში აეროპორტის მშენებლობას კანონდარღვევით, ფარულად ახორციელებს. მშენებლობა სვეტიცხოვლის გალავნიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს.
ამავე სტატიის თანახმად, სხვადასხვა ბიზნესთან ერთად, უგულავას საკუთრებაშია მცხეთის დაცულ ზონაში რამდენიმე ჰექტარი მიწა, სწორედ იქ, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმისთვის“ მიწოდებულ ჩანაწერში კარგად ჩანს თვითმფრინავის ასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია.
ამავე ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ბიზნესმენმა უკვე შეიძინა თვითმფრინავი, რომელიც მცხეთიდან, სავარაუდოდ, 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყებს ფრენების განხორციელებას.
როგორც გამოცემასთან საუბრისას საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები განმარტავენ, მცხეთაში აეროპორტის არსებობა მცხეთის, როგორც უძველესი ქალაქისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, განადგურების ტოლფასია. კომიტეტის წევრების მტკიცებით, მსგავსი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მცხეთა ბაგრატის ბედს გაიზიარებს და იუნესკოდან ამოირიცხება. მათი თქმით, ამას გარდა, აეროპორტის ფუნქციონირება სატახტო ქალაქს მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსსაც დააკარგვინებს.
„ჩვენთვის ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ დავიჯერეთ. არსებული ინფორმაციით, ნებართვა აეროპორტის მსენებლობაზე არ არსებობს, უბრალოდ, რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ბიზნესმენ უგულავას.
ფაქტია, რომ ეს სამუშაოები ფარულად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს და ამაში ჩვენც დავრწმუნდით.
როგორც ჩანს, რაღაც წინასწარ შეთანხმებასთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ისინი ფარულად ახორციელებენ სამუშაოებს. ადგილზე მიყვანილია ტექნიკა, ვნახეთ ასევე სამშენებლო მასალები. ამის უკან დგას რაღაც დაპირება, რომ ეს აეროპორტი აშენდება.
კომპანიის თანამშრომლები გვარწმუნებდნენ, რომ მორატორიუმის გამო ფარულად მოქმედებენ და ბოლო სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ ჩაატარეს.
არ აქვთ უფლება, რომ იმუშაონ, მაგრამ ამას ფარულად მაინც ახერხებენ. უკვე აქვთ შეძენილი 12 ადგილია თვითმფრინავი, რომელმაც მგზავრები სხვადასხვა მიმართულებით უნდა გადაიყვანოს. როგორც აგვიხსნეს, ამ აეროპორტიდან ტურისტებს გადაიყვანენ საქართველოს ტურისტულ ქალაქებში. შემაშფოთებელია იუნესკოს მიერ დადგენილ და დაცულ ზონაში მსგავსი პროექტის არსებობაზე ფიქრიც კი.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მოქმედებს მორატორიუმი, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტომ დააწესა და ამ მორატორიუმს ვადა, მართლაც, დეკემბერში გასდის. ანუ ამ პერიოდიდან გეგმავენ ისინი კანონიერი სამუშაოების წარმოებას და დარწმუნებულები არიან, რომ მცხეთაში აეროპორტი გაიხსნება“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ანა მიქაუტაძემ.
„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გადამოწმებას თავად ბიზნესმენთან შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, იგი ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად აშშ-ში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები