საქართველოს სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია

დღეს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია. ანდრეი კისკას თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დახვდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება.
დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის.
ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები