"სამართლადამცავები უმოკლეს ვადებში გახსნიან წიკლაურის ცემის ფაქტს"

  დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა და დამნაშავეთა დასჯა მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ერთიანი ჯაჭვის რგოლებთან გვქონდეს საქმე.

“მინდა შევუერთდე ყველა მოქალაქის აღშფოთებას ამ ვანდალური ფაქტის თაობაზე. პარლამენტის წევრს, რომელიც გუშინ გვიან სახლში ბრუნდებოდა, როგორც თავად იხსენებს და როგორც მეზობლების ჩვენებიდან ირკვევა, რამდენიმე პირი დაესხა. მას მიაყენეს საკმაოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანება, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი ფაქტი ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, განსაკუთრებით პარლამენტის წევრის წინააღმდეგ არის სრულიად მოუთმენელი. დარწმუნებული ვარ, სამართლადამცავი ორგანოები, ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან დანაშაულს. ფაქტის მიმართ იქნება განსაკუთრებუული ყურადღება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს და დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ.

“როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე, უნდა ვიყოთ ფრთხილად. სად რა თემები იქნება წინ წამოწეული, სად მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია, ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის. ამიტომ მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს და დამნაშავეებმა საკადრისი პასუხი უნდა აგონ. ჩვენ ვხედავთ, გარკვეულ გამოცოცხლებებს, გარკვეულ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სხვადასხვა თემის გარშემო. გაცილებით მეტი ყურადღება გვამრთებს ახლა, რადგან ეს შეიძლება არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფაქტები და შეიძლება ერთიანი ჯაჭვის რგოლებთან გვქონდეს საქმე”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები