ლევან ბოძაშვილი: ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გაიზიარა

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკული შენიშვნები და მოსაზრებები გაიზიარა. ვენეციის კომისიის პოზიცია საგანგებო ბრიფინგზე მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ბოძაშვილმა გააცნო. როგორც ბოძაშვილმა განმარტა, პირველ რიგში ეს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვას როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. მისვე თქმით, ვენეციის კომისიას ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საკონსტიტუციო საასმართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. „ვენეციის კომისიამ გაიზიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება. პირველ რიგში ეს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვას როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. აღნიშნულ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა და მიაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან ამოღებული უნდა იყოს. ვენეციის კომისიას ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საკონსტიტუციო საასმართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კვორუმი უნდა იყოს ექვს მოსამართლეზე ნაკლები. ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია ნორმამ, რომლის მიხედვით ერთ მოსამართლეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში არის საკითხები, რაზეც პრეზიდენტს თავიდანვე დადებითი მოსაზრებები ჰქონდა. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობამაც გადაუგზავნა. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიას პრეზიდენტმაც 20 მაისს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები