ეკა ბესელია თამარ კორძაიას განცხადებებზე: მეტი კორექტულობა უკეთესი იქნებოდა

მოვუწოდებ თამარს, რომ კოლეგების და პარლამენტში მიმდინარე განსახილველი საკითხების მიმართ უფრო კორექტული იყოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბესელია გულისხმობს ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით თამარ კორძაიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. „თუ ეს პროცესი მიაჩნია მას უსაქმურობის დემონსტრირებად, მაშინ როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში კარგი იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი ფორმით მივმართავთ იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი კარგია. მეტი კორექტულობა უკეთესი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან გულწრფელად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და აქ პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის. არ სჭირდება ამას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი. მე მგონი, ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური გულწრფელობა, რომ საკუთარ ამომრჩეველს უთხრას – რას ფიქრობს ამ საკითხზე. ჩვენი პოზიცია პრინციპულია და კენჭისყრა წარმოაჩენს, ვის რა პოზიცია და ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ის, რაც ხდება პარლამენტში, არის უსაქმურობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები