ბერძენიშვილი ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთების საკითხზე: ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში

ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტურ თემად – ასე გამოეხმაურა ”რესპუბლიკელი ” დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს.
მისივე თქმით, ამ საკითხის გადახედვის მოთხოვნა არ დგას საქართველოში.
„პრობლემას იქ ნუ ვეძებთ, სადაც არ არის. თუკი ცალკეულ ჯგუფებს აქვთ რაიმე ტიპის მოლოდინები შორეული მომავლის, ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგი ქვეყანაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა ხორვატიულ საკონსტიტუციო მოდელზეც ისაუბრა.
“დღეს კანონმდებლობით გვაქვს, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა ქორწინებაა. კანონმდებლობის ინიციატორები თვლით, რომ ეს ჩაწერილი იყოს კონსტიტუციაში, როგორც ესაა ხორვატიაში. ხორვატიის კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ, ამასთანავე, ხორვატიაში კანონიც არის მიღებული, სადაც ერთნაირი სქესის ადამიანების სამოქალაქო კონტრაქტიც არსებობს. ასე რომ, არის სხვადასხვა ფორმა და ხარისხი ერთნაირის სქესის ადამიანების ურთიერთობის ლეგალიზებისა ევროპის სხვადასხვა ქალაქში – ზოგან ქორწინება, ზოგან სამოქალაქო კონტრაქტი ჰქვია ამას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ პარლამენტში ამ საკითხის კენჭისყრა ვერ მოხერხდება.
”პოლიტიკური მოტივაცია მესმის, რომ არ დავუტოვოთ ეს თემა ანტიდასავლურ, მარგინალ პრორუსულ ჯგუფებს პოპულისტობისთვის, მაგრამ ვერ იღებს ეს პარლამენტი ამას. ამიტომ ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტურ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას და ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში”, – მიმართა ბერძენიშვილმა დეპუტატებს.
პარლამენტი ამ წუთებში კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები