"ნაციონალური მოძრაობა" წიკლაურზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ნაციონალური მოძრაობა” დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს.
„დღეს, დილის 3 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ წიკლაურს საკუთარ სახლთან თავს დაესხა ნიღბიანი და ელექტროშოკებით შეიარაღებული რვა უცნობი პირი. თავდამსხმელები, რომლებაც რამდენჯერმე გამოიყენეს ელექტროშოკი, ცდილობდნენ დეპუტატ წიკლაურის მანქანაში ჩასმას და გატაცებას, თუმცა წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის შედეგად ეს ვერ მოახერხეს. ნუგზარ წიკლაურს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახის არეში და სხეულზე.
თავდამსხმელები მოქმედებდნენ დისციპლინირებულად, განლაგებული იყვნენ მისი საცხოვრებელი კორპუსის მთელ პერიმეტრზე და არ უთქვამთ არც ერთი სიტყვა. თავდასხმის ადგილი მათ დატოვეს ორგანიზებულად. აღნიშნული მიუთითებს, რომ უდიდესი ალბათობით, ისინი იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და ასრულებდნენ დავალებას.
ნუგზარ წიკლაური გამოირჩევა ამჟამინდელი მთავრობის კოლაბორაციონისტული მისწრაფებების კრიტიკით. მან არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკა პირადად ღარიბაშვილი რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების, ოკუპანტთან მებრძოლი ოფიცრების და პოლიტიკური მოღვაწეების პოლიტიკურად-მოტივირებული დევნის და სხვა მსგავსი მოქმედებებისთვის.
ნუგზარ წიკლაურმა ასევე გამოააშკარავა ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ფარცხალაძის ხელმძღვანელობით ყოფილი ოფიცრის, 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციის მონაწილის შალვა თათუხაშვილის პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გატაცება და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მისი წამება, რამაც გამოიწვია თათუხაშვილის სიკვდილი. იმ პროკურორების მიმართ რომელთაც უშუალოდ შეასრულეს ეს დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი დავალება საქმეც კი არ არის აღძრული, აღარაფერს ვამბობთ მათ დაპატიმრებაზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე-იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე-ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების დანაშასულებრივი დავალების გამცემთა და შემსრულებელთა უსწრაფეს დროში არდასჯა დაადასტურებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის პასუხისმგებლობას.
ღარიბაშვილ-ივანიშვილის მიზნის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გატეხვა და მისი ღია პრორუსული ოპოზიციით ჩანაცვლება – მიუღწეველია. ჩვენ გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.