დიმიტრი ქუმსიშვილი: ის მონაპოვარი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის სტიმული, რომ გვქონდეს ძლიერი, ერთიანი საქართველო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 25 წლის წინ ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ქართულ დროშაზე, ჰიმნზე, ქართულ პასპორტზე, ქართულ საბაჟოზე, საქართველოს საზღვრებსა და დამოუკიდებელ ვალუტაზე ოცნებობდნენ.
„პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 25 წლის წინ ჩვენ ვოცნებობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ვოცნებობდით ქართულ დროშაზე, ჰიმნზე, ქართულ პასპორტზე. ვოცნებობდით ქართულ საბაჟოზე, საქართველოს საზღვრებზე. ჩვენ ვოცნებობდით ჩვენს დამოუკიდებელ ვალუტაზე. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნებები განსხვავებულია და ჩვენ რეალურად გვაქვს მონაპოვარი. გვაქვს დამოუკიდებელი საქართველო და დღეს, როდესაც ჩვენ დროის კაფსულაზე ვსაუბრობთ, სულ სხვა ოცნებები იქნება. იქნება ოცნებები, რომლებიც გულისხმობს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას. თუ 1993 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 550 დოლარი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი ხარისხობრივად მეტია. თუ 1993 წელს ჰიპერ-ინფლაცია 15 ათას პროცენტზე მეტს აჭარბებდა, დღეს საქართველო ინფლაციის მაჩვენებლით ყველაზე წარჩინებული და წარმატებული ქვეყანაა არა მარტო რეგიონში. შესაბამისად, ჩვენი სურვილები, ჩვენი ოცნებები იცვლება და ის მონაპოვარი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის სტიმული, რომ ვიმოქმედოთ, ვაკეთოთ საქმე, ვაშენოთ ქვეყანა, გვქონდეს ძლიერი, ერთიანი საქართველო, იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ საუკეთესო ადგილი ცხოვრებისათვის, განვითარებისა და არსებობისათვის“,- განაცხადა ქუმსიშვილმა, რომელიც რუსთაველზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები