ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი იმ პროვოკაციის გაგრძელებაა, რომელიც მათ კორცხელში დაიწყეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პროვოკაციის გაგრძელებად აფასებს.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტისთვის საბაბს ეძებდა, რათა მათ გარკვეულ ინიციატივებზე თავი ემართლებინათ.
„რაც შეეხება ბოიკოტს, ეს არის იმ პროვოკაციის გაგრძელება, რომელიც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვი, ეს იყო ძალიან მძიმე, ბინძური პროვოკაცია. ეს ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის მათი ხელწერა. სწორედ ამ პროვოკაციის გაგრძელებაა ის ბოიკოტი, რომელზეც ისინი დღეს საუბრობენ. მათ კიდევ ერთხელ ამოძრავებთ ის მიზანი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს არის დიპლომატიური კორპუსისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა იმის თაობაზე, თითქოს პოლიტიკურ პროცესებში დესტაბილიზაციას აქვს ადგილი. ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა გარკვეული ინიციატივები. მათ ჰქონდათ იმედი, რომ 76 ხმას მოაგროვებდნენ ამისათვის. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე. ისინი ხედავენ, რომ არანაირი რესურსი ამ 76 ხმის მოგროვების არ აქვთ და შესაბამისად, ბუნებრივია, ეძებდნენ საბაბს იმისთვის, რომ თავი ემართლებინათ ამ ყველაფრისათვის. ბოიკოტი ამისთვის იყო მათთვის კარგი საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები