გიორგი მარგველაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის მიერ მიღებულ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულმა პროცესმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
„ეს პროცესი წარიმართა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე. კანონპროექტის გადმოგზავნის შემდეგ მივმართე ვენეციის კომისიას, ასევე მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეკითხვებით ამ კანონთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებაც. რამდენად შეესაბამება ეს კანონი იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლითაც უნდა ვითარდებოდეს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები და ინსტიტუტები გულისყურით მოეკიდებიან „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს.
„კარგი ინიციატივაა თქვენის მხრივ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს ექსპერტებთან და ვენეციის კომისიასთან, რადგან ის იყო მთავარი ინსტიტუცია, რომელმაც შეუწყო ხელი საქართველოში საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას. სასურველი იყო კონსულტაციები ყოფილიყო წინა პერიოდში პარლამენტის მხრიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან. ძალიან დაჩქარებული წესით საჩქაროდ მოხდა კანონის მიღება. თუკი ყველა მხარე იქნებოდა ჩართული ამ პროცესში, ჩვენ სიამოვნებით მივიღებდით ამაში მონაწილეობას“,- განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.