მოწმემ გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო საქმიანობის ჩარევაში დაადანაშაულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება ტელეკომპანიის რეჟისორმა თენგიზ მეზურნიშვილმა მისცა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა. მოწმე მეზურნიშვილმა გიგი უგულავა ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო საქმიანობის ჩარევაში დაადანაშაულა.
მოწმე მეზურნიშვილმა სასამართლო პროცესზე 2008 წლის ნოემბერი გაიხსენა.
„2008 წლის ნოემბერში, როდესაც ტელეკომპანიას ალეკო ფარულავა ხელმძღვანელობდა, იგეგმებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის „იმედის“ დარბევის შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება. საეთეროში ვიმყოფებოდი, როდესაც შევესწარი, როგორ დაურეკა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელ ალეკო ფარულავას და მოუწოდა, „იმედის“ დარბევის შესახებ სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო“, – აღნიშნა მოწმე თენგიზ მეზურნიშვილმა.
მოწმის დაკითხვამ პროცესზე მხარეებს შორის კამათი გამოიწვია. გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოწმე ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალეკო ფარულავა უგულავას მხრიდან მსგავს ზარს კატეგორიულად უარყოფს. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით კი, მოწმის ჩვენებამ უგულავას სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი დაადასტურა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებას უგულავას წინააღმდეგ, ასევე სხვა მტკიცებულებებიც აქვს, მათ შორის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ფარული ჩანაწერები, სადაც ისინი უგულავას ახსენებენ, როგორც ტელეკომპანიიის საქმიანობაში მონაწილე პირს. პროცესზე ტელეკომპანია „იმედის“ სამი თანამშრომელი – ლევან ჯავახიშვილი, თენგიზ მეზურნიშვილი და თეა სიჭინავა დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები