დავით უსუფაშვილი: ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, ერთ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებად აფასებს. დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები აუცილებლად დაისჯებიან.
“დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან და თუ არ დაისჯებიან, მაშინ დაისჯება მმართველი პოლიტიკური ძალა და არა მგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ ხელისუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო, იმიტომ რომ ასეთი მოვლენები, ძალადობის აქტები, მასზე რეაგირება ეს არის ხელისუფლების საქმე, სახელმწიფოს საქმე, პოლიციის საქმე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა. ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და მერე მუშტი დაარტყა.
დარწმუნებული ვარ, დაისჯებიან მოძალადეები, დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც მსგავსი რამ დაგეგმა, თუ ეს დაგეგმილი იყო და თუ არ იყო დაგეგმილი, მაგასაც გავიგებთ. ვიცი, რომ ეს არის ძალიან მყარი განწყობა, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის, მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის და დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
“ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, წლების წინ ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. საპარლამენტო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები პარლამენტში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ პარლამენტმა იმუშაოს. ამასთან, პოლიტიკური ბოიკოტი, ეს არის კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება პოლიტიკური ძალებისა, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.