პრეზიდენტის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს პარლამენტი კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრის

კადრები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

პრეზიდენტის მიერ დასახელებულ სამ კანდიდატს პარლამენტი კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს – ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სწორედ გიორგი აბაშიშვილი წარადგენს.

”უკვე რამდენიმე თვეა მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერანაირად ვერ მოხერხდა სესიაზე მათი საკითხის განხილვა. იმ დროს, როდესაც სასამართლოს მიმართ არაერთი კითხვა ისმის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვალიფიციური კადრები. ის კადრები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად წაადგება სასამართლო სისტემის გაძლიერებას”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე შეფასებით, დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კვალიფიციურ კადრებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში თითქმის ორი თვეა დგას, თუმცა განხილვა და კენჭისყრა ამ დრომდე არ შემდგარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები