ომარ ნიშნიანიძემ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ დატოვოს და თამაზ მეჭიაურის გუნდს შეუერთდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ შესაძლოა, ”ქართული ოცნება” დატოვოს. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ის საზოგადოებამ მეჭიაურის გუნდში იხილოს.
”მე წელიწად-ნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მით უმეტეს, პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან, ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე, ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ”ქართულმა ოცნებამ”. კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული ისევე, როგორც სამშობლოს ერთგული”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.