დავით უსუფაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის უმასპინძლა, სადაც საუბარი არჩევნების თემას შეეხო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზანიერიმ განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც წესი, ეუთო წარმოდგენილი იქნება.
“ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში და, როგორც წესი, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი. ვეცდებით, ერთად გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია, განვახორციელოთ ძლიერი დაკვირვება. ვფიქრობ, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც გვინდა იყოს მხარდაჭერილი. განვიხილეთ ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ლამბერტო ზანიერმა.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეუთოს მიმართ ქართული მხარის მთავარი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს არჩევნების დროს.
“ვისაუბრეთ უსაფრთხოების თემებზე, იმ რთულ ვითარებაზე, რაც შექმნილია ჩვენს რეგიონში. ეუთო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთს ვეტოს უფლება აქვს და ძალიან ხშირად ბლოკავს მნიშვენლოვან გადაწყვეტილებებს. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზეც და მე კიდევ ერთხელ ბატონ ზანიერის გავუმეორე ჩვენი თხოვნა – რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, ჩვენი თხოვნა. ეს ხელს შეუწყობს უკეთეს საარჩევნო გარემოს საქართველოში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები