ალექსანდრე კობაიძე: კორცხელში ჩაყვანილი სპორტსმენები ვერ აცნობიერებდნენ, თუ რამხელა ლაქა დააჩნიეს ქვეყანას
ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის გამოვლინებაზე სამართლებრივი სანქციების გამკაცრების თაობაზე, პერსპექტიული არ არის, – ამის შესახებ უფლებადამცველმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა შეიმუშაოს, რომელთა თანახმადაც წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში ძალადობის მუქარა ან ძალადობა დასჯადი ქმედება გახდება.
ალექსანდე კობაიძის განცხადებით, სამართლებრივი რეგულაციები დღესაც არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ ჩხუბი, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, პარლამენტის წარმომადგენლთან ფიზიკური დაპირისპირება, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის დისკრიმინაცია, პოლიციელის ცემა არ შეიძლება.
„ეს ყველაფერი ის ჩამონათვალია, რომელსაც რომელიმე დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მივანიჭოთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ეს რეგულაციები სამართლებრივად არსებობს. როდესაც თეა წულუკიანს ჩვენ ბნელები ვგონივართ, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში თავს ვაკლავთ, რომ სამართლიანობა აღდგეს და, შესაბამისად, აღდგეს იმ ცივილური ფორმებით, რომლებიც არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას.
არ შეიძლება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაჟღერებულ იდეას პერსპექტიული ვუწოდოთ, რადგან სამართლებრივი რეგულაციები არსებობს. კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ, გამოსავალი არათუ სამართლებრივ ნიუანსებში, არამედ პოლიტიკაში და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ეძებოს“, – განაცხადა მან.
უფლებადამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი იქნება გამოძიებული არა ისე, რომ დასაჯონ იქ ჩაყვანილი სპორტსმენები, არამედ, დაისაჯონ ისინი, ვინც ისინი იქ ჩაიყვანა.
„შემკვეთები უნდა დაისაჯონ და არა შემსრულებლები. ეს არის ჩემი პოზიცია, რადგან იქ ჩაყვანილი სპორტსმენები ვერ აცნობიერებდნენ, თუ რამხელა ლაქა დააჩნიეს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. აქამდე ვამაყობდით, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური დაპირისპირებები ქვეყანაში აღარ არის და აღმოჩნდა, რომ თურმე, ისევ არის“, – განაცხადა კობაიძემ.