ალექსანდრე კობაიძე: ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და პოლიტიკაში მუშტი-კრივი დაამთავროს
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც კონკრეტული ადამიანები სამეგრელოში წაიყვანა.
როგორც ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნება“ ებრძვის ისევ იმ მეთოდებით, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ არის, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით ხელისუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
„არსებობს საფრთხე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მალე დაკარგოს ხელისუფლება, რადგან ნათლად ჩანს, როგორ უჭირს. ისეთი ოდიოზური პარტია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა,“ აქტიურად გააცოცხლა „ქართულმა ოცნებამ“. სამწუხაროა, მაგრამ ოთხი ოლქიდან ორში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ორში -„ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს არის სამარცხვინო. პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ჩვენ არ შევარჩენთ არცერთს, რა დადგმული სპექტაკლიც ახლა მიმდინარეობს, რადგან იმ სპორტსმენებს, რომლებიც „ზონდერებად“ არიან მოხსენიებულნი, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეთ, მთელი საზოგადოება ფეხზე დადგება და ადეკვატურ პასუხს გასცემს ორივე ძალას“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანები წაიყვანეს და ვიღაცამ ორგანიზება გაუწია მათ, არ შეიძლება მათზე ჯოხი გადატყდეს.
„ვინც მოახდინა მათი იქ წაყვანა, მან აიღოს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, თუ თანამდებობის პირია, გადადგეს და უმკაცრესად დაისაჯოს. სპორტსმენებს იბარებენ და შს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეაგირება იქნება და კონკრეტული დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან. ეს არ არის ხალხის მიზანი, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და პოლიტიკაში მუშტი-კრივი დაამთავროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლებაც იმ პოლიტიკურ პლატფორმას დატოვებს, რომელშიც თავად იმყოფება“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.