„რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა – მერაბიშვილი ციხეშია, უგულავაც, ახალაიაც, ვინ უნდათ კიდევ“?
„გამაგებინეთ, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა – მერაბიშვილი ციხეშია, უგულავაც, ახალაიაც, ვინ უნდათ კიდევ?“ – აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა დღეს, „კვირას“ პრესკლუბში, სამეგრელოს ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.
ზურაბიშვილმა, საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემა კარგია.
„რას ნიშნავს „სამართლიანობის აღდგენა“, რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ კიდევ, კონკრეტული სახელები და გვარები თქვან თუ ყველა, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაშია“, ან კიდევ მის გვერდით გაუვლია, უნდა დავიჭიროთ ან ციხეში გავუშვათ, ვცემოთ ან დავხოცოთ? ვინ უნდათ, რა უნდა ამ ხალხს, საერთოდ, შეუძლიათ, რომ ჩამოაყალიბონ, თუ რას ნიშნავს, ე.წ. ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენა? ვანო მერაბიშვილი ციხეშია, უგულავაც იქ არის, ბაჩო ახალაიაც, კეზერაშვილი გაქცეულია, ვინ უნდათ კიდევ? თუ რაიმე კონკრეტული საბუთი აქვთ – ბოკერიამ, მელიამ ან ვიღაცამ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა. მაშინ მიბრძანდნენ პროკურატურაში და დაწერონ საჩივარი, თუმცა ამაზე საუბარი არ არის. „ნაციონალური მოძრაობისგან“ თავად ვარ დაზარალებული – ძლივს გამოვასწარი 7 ნოემბერს. სახელმწიფო არ უნდა უშვებდეს მსგავს ფაქტებს. არ უნდა ჰქონდეს აგრესიული, სიძულვილის და წამქეზებლობის რიტორიკა. არ უნდა ჩაჰყავდეს საარჩევნო უბანზე მათი პარტიის წევრების ეგიდით კუნთმაგარი ხალხი, სამარცხვინო ამბავია“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.