დავით ზურაბიშვილი – ხალხი ფიქრობს, რომ „ნაციონალის“ ცემა კარგია
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი სიბრიყვე მას „მხედრიონის“ დროსაც კი არ ახსოვს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემა კარგი ჰგონიათ, ხოლო ხელისუფლება პროვოკაციის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.
“არიან ადამიანები, რომლებსაც “ნაციონალების” ცემა კარგი ჰგონიათ და ამას ხმამაღლაც ამბობენ. როგორ უნდა უწყობდეს სახელმწიფო ხელს ასეთ ძალადობას?
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ბატონი კობახიძე და პარტიის ახალი სახე, პირდაპირ წაქეზებაზე არიან გადასულები. ამბობენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ ჩავიდნენ, პარტიის წევრები იყვნენ და იქ წესრიგის დასამყარებლად იყვნენო. ეს ხდება მაშინ, როდესაც პარალელურად გვაყურებინებენ იმ კადრებს, როდესაც ხალხი, ბოკერიას, მელიას და სხვებს უბათქუნებს. არ ვიცი, ასეთი სიბრიყვე „მხედრიონის“ დროსაც კი არ მახსოვს. ერთ შემთხვევას ვიხსენებ მხოლოდ, მამალაძეს რომ გაუხეთქა „მხედრიონმა“ თავი და მერე რომ იძახდა, თავად მოახდინა პროვოცირებაო. კომუნისტების დროიდან მოყოლებული, არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება არ იტყოდა, რომ მას პროვოცირება მოუწყვეს. სააკაშვილის დროსაც ზუსტად ასე იყო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.