მოსამართლეობის კანდიდატის სახელი სკანდალურ საქმეში – რა კავშირი აქვს თამარ ლალიაშვილს ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის საქმესთან

მოსამართლეობის კანდიდატის სახელი სკანდალურ საქმეში – ამ სათაურით გაზეთი “პრაიტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ლალიაშვილის სახელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის მასალიდან სრულიად მოულოდნელად გაქარა.საუბარია ჩვილებით ვაჭრობის სკანდალურ საქმეზე, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის მარტში გახსნილად გამოაცხადა და რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

“მედიის განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას, რომელიც 90-იან წლებში პროკურორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ის წარმოადგენდა სახელმწიფო ბრალდებას 1995 წელს, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება ზვიად ძიძიგურს სამშობლოს ღალატისთვის ასამართლებდა და მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. თამარ ლალიაშვილიც ადასტურებს, რომ სწორედ ის გახლდათ ძიძიგურის საქმის პროკურორი, თუმცა აღნიშნავს, რომ „სიკვდილით დასჯას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც პროცესიდან მოხსნეს“. თავად ძიძიგური ამბობს, რომ 20 წლის შემდეგ თამარ ლალიაშვილის მიმართ გულში ბოღმა არ დარჩენია და მზად არის, კენჭისყრაზე მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.

რამ აიძულა ძიძიგური მისი ბრალმდებლის მხარი დაეჭირა, მით უმეტეს, რომ ლალიაშვილი უზენაეს სასამართლოში არა მმართველი გუნდის, არამედ პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი და, უმრავლესობას წესით, მისი კანდიდატურის ჩავარდნა არ უნდა გასჭირვებოდა. ის, რომ ლალიაშვილმა, ნონა თოდუასგან განსხვავებით, წარმატებით გაიარა საკომიტეტო მოსმენა, მიუთითებს იმაზე, რომ მას გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს. მის კავშირებზე მეტყველებს ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც თამარ ლალიაშვილის სახელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის მასალიდან სრულიად მოულოდნელად გაქრა. საქმე ეხება ჩვილებით ვაჭრობის სკანდალურ საქმეს, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გასული წლის მარტში გახსნილად გამოაცხადა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რუსთავის სამშობიაროს სახლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და “ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია უგრეხელიძე“,- წერს “პრაიმტაიმი“ და ლალიაშვილის კარიერული ეტაპების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს,რომ სამართლის სფეროში ლალიაშვილს დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ ამიტომ გამოთქვამს სურვილს დაუბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემას. თუმცა გამოცემა არ გამორიცხავს, რომ სანამ მოსამართლის მანტიას ოფიციალურად მოისხამს, შესაძლოა, ლალიაშვილი სასამართლოში მოწმის სტატუსით წარდგეს.

„საუბარია ჩვილებით ვაჭრობის სკანდალურ საქმეზე, რომლის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უახლოეს ხანში დაიწყება. ეს იმ შემთხვევაში, თუ “ჩვილების საქმეში“ ბრალდებულებსა და პროკურატურას შორის საპროცესო გარიგება არ გაფორმდა. ამის ალბათობა კი საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ყველა ბრალდებული ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და, ჩვენი ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გარკვეული მოლაპარაკებაც მიმდინარეობს. როგორც კონფიდენციალური წყარო გვიყვება, საქმის მასალებით ერთ-ერთი ჩვილი ბრალდებულ მზია უგრეხელიძისგან თამარ ლალიაშვილს უნდა წაეყვანა, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა“, – წერს “პრაიმტაიმი“.

გამოცემასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ ე.წ. ჩვილების საქმეში თამარ ლალიაშვილი არც მონაწილეობს და არც ბრალდებულის სტატუსით არ ფიგურირებს.

“ჩვენი წყარო კი ვარაუდობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატის სახელი საქმის მასალებიდან გარკვეული მიზეზების გამო ამოიღეს“,- წერს “პრაიმტაიმი“.

ის, რომ თამარ ლალიაშვილი ნამდვილად ნახსენებია ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულ მზია უგრეხელიძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემაც დაადასტურა.

“საქმის მასალებში ნახსენებია თამარ ლალიაშვილი, წერია, რომ მას უნდოდა ეს ბავშვი. საქმის მასალებით ასეა, რომ თითქოს მზია უგრეხელიძეს ბავშვი უნდა გადაეცა თამარ ლალიაშვილისთვის, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და საქმის განხილვის ეტაპზე გაირკვევა ყველაფერი“,- ამბობს უგრეხელიძის ადვოკატი.

ბავშვის გაყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებსა და, შესაბამისად, ბრალს უარყოფს მზია უგრეხელიძე, რომელიც წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. თავად თამარ ლალიაშვილი არ უარყოფს, რომ ბავშვის აყვანით დაინტერესებულია, თუმცა მოლაპარაკებებს არ ადასტურებს.

“მე ბავშვის აყვანით დღესაც ვარ დაინტერესებული, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება არ მქონია. აღრიცხვაზე ვდგავარ, როგორც მიმღები ოჯახი. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ უსიამოვნებას წავაწყდი. არ ვიცი, ჩემი სახელი რატომ მოხვდა მაგ საქმეში. ალბათ იყო რაღაც ისეთი, რაც ბავშვს შეეხებოდა. ყოველ შემთხვევაში, მე ამ საქმის კურსში არ ვარ“, – აცხადებს ლალიაშვილი.

“თამარ ლალიაშვილის საუბრით დაახლოებით ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ ლალიაშვილს უკვე დიდი ხანია, ჰქონდა ბავშვის აყვანის სურვილი. ამ მიზნით მას შუამავლის მეშვეობით სთავაზობდნენ ახალშობილს და არწმუნებდნენ, რომ ეს ყველაფერი კანონიერი გზით მოხდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, გარიგება არ შედგა“, – წერს “პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები