„გასაოცარი დემოკრატია“ – გია უდესიანის სამი და საჯარო სამსახურში მუშაობდა
„გასაოცარი დემოკრატია“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი წინა კვირას ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გათავისუფლებულ ბაღის დირექტორების შესახებ საუბრობს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია უდესიანის დებს თბილისში ორი ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობა ეკავათ.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ გია უდესიანის გათავისუფლებულ ორ დას, მხარდაჭერა გამოუცხადა მესამე დამაც, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იყო დასაქმებული და პროტესტის ნიშნად ნატო უდესიანმა თანამდებობა დატოვა.
„ა.წ. 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ოთხი ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა თბილისის 36-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ელზა უდესიანი. ამ ფაქტის შემდეგ, ბრალდებულ გია უდესიანის დამ – ნატო უდესიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ნატო უდესიანმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს უდესიანების მესამე და, ინგა გუგავა-უდესიანიც, რომელიც თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის დირექტორად მუშაობდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ბოლოს, ავტორი მკითხველს საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს:
„როცა ასეთი კაცის ოჯახის წევრები ხელისუფლებას საჯარო სამსახურში ჰყავს დასაქმებული, თანაც, საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაუსაქმებლობის ფონზე, ეს არა მარტო მორალური და პოლიტიკური სიბრიყვეა, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საფრთხის შემცველიც არის“, – წერს სტატიის ავტორი.