„კაბელების საქმის“ პროკურორი: „სილქნეტის“ განცხადება მათივე თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება

კომპანია „სილქნეტის“ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება მათივე თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებებს,- ამის შესახებ ე. წ. კაბელების საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთია კომპანია „სილქნეტის“ საჯარო განცხადება და მეორე ის, რაც მათ გამოძიების პროცესში გვიამბეს. იგივე ჩვენება მისცეს სასამართლოშიც, რაც არის სამართლებრივი ძალის მქონე. „სილქნეტის“ საჯაროდ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება მათივე თანამშრომლების მიერ მიცემულ ჩვენებას.
2013 წლის 19 აგვისტოს, მანამდე 2 თვით ადრე, „სილქნეტის“ კომერციული განყოფილების მენეჯერი დაიბარეს სამინისტროში და აცნობეს, რომ სამინისტრო გეგმავდა სამხრეთის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას. სასამართლო პროცესზე „სილქნეტის“ წარმომადგენელმა ეს ღიად დაადასტურა.
ამას ადასტურებს, ასევე, მეილზე მიმოწერა G6 -ის თანამშრომელსა და „სილქნეტის“ წარმომადგენელს შორის. ანუ ეს კომპანია შესყიდვის გამოცხადებამდე ორი თვით ადრე ჩააყენეს საქმის კურსში, რომ თავდაცვის სამინისტრო ასეთი შესყიდვის გამოცხადებას აპირებდა, თავის მხრივ, ელფოსტის მიმოწერით ჩანს, რომ „სილქნეტმა“ თავდაცვის სამინისტროს 2 თვით ადრე მიაწოდა ინფორმაცია, რა დაჯდებოდა სამხრეთის მიმართულებით ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა.
ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებიც ჩაერთნენ ამ კვლევაში. სხვა კომპანიებს, გარდა „სილქნეტისა“, ეს ინფორმაცია დაუმალეს. მათ მხოლოდ 9 კალენდარული დღე მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს „სილქნეტი“.
9 კომპანიას შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად, აქედან სამ კომპანიას საერთოდ არასოდეს ჰქონია შეხება ოპტიკურ ბოჭკოვან მაგისტრალთან, თავად ეს კომპანებიც კი გაკვირვებულნი იყვნენ, რატომ გაეგზავნათ მათ შეთავაზება.
თუ შენ რეალურად ხარ დაინტერესებული ბაზრის კვლევით, უნდა მოიწვიო ისეთი კომპანიები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება, ან რაიმე გამოცდილება შესასყიდ ობიექტთან მიმართებაში“,- აცხადებს პროკურორი ნინო აღლემაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები