”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმეტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმეტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა, – ამის შესახებ სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი, უჩა ძოძუაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ძოძუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ იყო საცეცხლე წერტილები, რომლებსაც არ გააჩნდათ რაკეტები, ასევე შეზღუდვა არსებობდა ”საქჰაერონავიგაციისგან”, რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.
”რა თქმა უნდა, რადარმა ღრუბელი დააფიქსირა, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა ”საქჰაერონავიგაციის” მხრიდანაც იყო შეზღუდვა – თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით აღჭურვილი იყო, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე წერტილები რაკეტების გარეშე, საცეცხლე წერტილებში რაკეტები არ იყო იმის გამო, რომ არ იყო წარმოებული“, – აცხადებს ძოძუაშვილი.
მისივე განმარტებით, შარშან რაკეტების ნაწილის შესყიდვა მოხდა, ნაწილისთვის კი კომპონენტები იქნა შეძენილი, რათა საქართველოში წარმოება მომხდარიყო. ძოძუაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა.
მისვე თქმით, ”დელტამ” რაკეტების წარმოებისთვის თანხა, თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა.
”არსებობს ”თაიმლაინი”, რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ ”თაიმლაინის” მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად. ეს თანხა არაერთხელ მოვითხოვეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება 150 ლარი დამიჯდებოდა, რაც რამდენჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა. როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად, არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს”, – განაცხადა ძოძუაშვილმა.
”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ”დელტას” უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდერე მის შენახვას საბიუჯეტო ასიგნებები სჭირდება.
”დელტა” არის ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად ეროვნული სიმდიდრეა. საუდის არაბეთი აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებებს, რომ სეტყვის მართვის ცენტრის მსგავსი სისტემა ავუწყოთ და ჩვენთან შეძენილი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების ინტეგრირებული სისტემა მივაწოდოთ. სხვათა შორის, ახლახან ამ მანქანამ საბრძოლო ნათლობა მიიღო იემენის კონფლიქტში. სერიოზულ საცეცხლე დამუშავებაში მოხვდა, მაგრამ თავისი სვლით გამოვიდა და სრულად შეასრულა თავისი ტაქტიკური დავალება. ერთი თვეა გავაფორმეთ სამეტაპიანი ხელშეკრულება ცეცხლის მართვის სისტემის მიწოდებაზე, რომლის ღირებულება, საერთო ჯამში, დაახლოებით 67-68 მილიონი დოლარია. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ”დელტას” მეტი მოგება მოაქვს, ვიდერე მის შენახვას საბიუჯეტო ასიგნებები სჭირდება”, – განაცხადა ”კვირის პალიტრასთან” საუბარში უჩა ძოძუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები