“ალბათ, იმ დღეს ბედისწერა ეძახდა, თორემ სამი წელი ხიდთან ახლოსაც არ მისულა“ – რას ყვება გიგა ოთხოზორიას ბიძაშვილი

მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს გიგა მეორე მხარეს გადასვლას ცდლილობდა, – ამის შესახებ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ბიძაშვილი დათო ოთხოზორია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ურემმა დაიგვიანა, ამიტომ გიგა ქართველების კონტროლირებად გამშვებ პუნქტს ოდნავ გასცდა, უნდოდა, პროდუქტებით დატვირთული ჩანთა მეორე მხარეს გადაეგზავნა.
მოკლულის ბიძაშვილი ამბობს,რომ ქართველების გამშვები პუნქტის შემდეგ, აფხაზების ე.წ. საზღვრამდე საკმაოდ დიდი, ნეიტრალური ტერიტორიაა, შესაბამისად, გიგა ოთხოზორია მეორე მხარეს არც გადასულა.
„ფირში ყველაფერი ჩანს, თუმცა მანამდე რა მოხდა, არავინ ამბობს. მოწმეებიც არსად ჩანან. ეს სიცრუეა. ურემმა დაიგვიანა, ამიტომ გიგა ქართველების კონტროლირებად გამშვებ პუნქტს ოდნავ გასცდა, უნდოდა, პროდუქტებით დატვირთული ჩანთა მეორე მხარეს გადაეგზავნა. ქართველების გამშვები პუნქტის შემდეგ, აფხაზების ე.წ. საზღვრამდე საკმაოდ დიდი, ნეიტრალური ტერიტორიაა, ასე რომ, გიგა მეორე მხარეს არც გადასულა. ისიც სიცრუეა, თითქოს, ვინმეს დანით ემუქრებოდა.
როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და ე.წ. აფხაზი მებაჟეები უკან დაედევნენ. ალბათ, იმ დღეს ბედისწერა ეძახდა, თორემ სამი წელი ხიდთან ახლოსაც არ მისულა. სამი წლის წინ მისი სახლის დასათვალიერებლად სოფელ ბარღებში გადავიპარეთ. მაშინ გადავრჩით, ვერავინ შეგვამჩნია. სულ მეუბნებოდა, როდის ვიცხოვრებ საკუთარ სახლში ჩემს ცოლ-შვილთან ერთად, დავიღალე სხვის სახლებში ცხოვრებითო. ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში, ორ მცირეწლოვან შვილთან, დედასთან, დასა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უკონტროლობა? იმედიც კი არ მაქვს, რომ ჩვენ გიგას მკვლელს ვინმე დასჯის“, -აცხადებს დათო ოთხოზორია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურჩასთან ე. წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები