ეკა ბესელია პრეზიდენტის მრჩეველს რჩევას აძლევს

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ვეტოს დადების თაობაზე ინფორმაცია ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი, რომ პრეზიდენტი ამას აპირებდა, ვიდრე კანონს მივიღებდით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.
ეკა ბესელია პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ გაკცხადებებსაც ეხმაურება და კოჟორიძეს რჩევას აძლევს.
„მინდა, მის მრჩეველს კოჟორიძეს ვუთხრა, რომ სანამ პარლამენტს მისცემდა რჩევებს და დაარიგებდა, რომ კარგად გაერკვეს – ვეტოს არსი რა არისო, მისგან ცოტა უხერხული მგონია, რომ ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, როგორც ინსტიტუციას, ასე ელაპარაკება. არ მგონია, ეს ეთიკური და კორექტული იყოს, მაგრამ თუკი იმის სურვილი აქვს, რომ გავერკვეთ, ვეტო რა არის და ჯერ დაველოდოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, დიახ, ჯერ დაველოდებით და შემდეგ ვიმსჯელებთ, მაგრამ იქამდე ვეტოზე საუბარი, სანამ კანონი მიღებული არ იყო, ასევე, მგონია, რომ ცოტა უხერხული იყო“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, მას არ მოუსმენია არგუმენტი იმის შესახებ, თუ რომელი ნორმა ეწინააღმდეგება ამ კანონით მიღებულ საქართველოს კონსტიტუციას.
„არ ვიცი, ვეტო რას უნდა დაედოს, რადგან ჯერჯერობით, ვერავის მხრიდან ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რომელი ნორმა ეწინააღმდეგება ამ კანონში მიღებულ საქართველოს კონსტიტუციას. ვის მოსწონს და ვის არა, ეს სამართლებრივ ენაზე სერიოზული და არგუმენტირებული საუბარი არ არის. მომწონს კანონი და არ მომწონს კანონი, მომწონს ნორმა ან კვორუმი მაღალი მეჩვენება ან დაბალი, ეს სერიოზული არგუმენტი არ არის. ვინმემ ერთი ნორმა მაინც დაასახელოს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ის წინააღმდეგობები გავასწორეთ, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები