უამინდობის გამო ავიარეისები გადაიდო
უამინდობის გამო, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით ფრენები შეფერხებით ხორციელდება. როგორც „კვირას“ ავიაკომპანია „პეგასუსის“ წარმომადგენელმა ლევან ელიზბარაშვილმა განუცხადა სტამბოლიდან “პეგასუსის” თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 03:25 საათზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა ავიარეისი გადაიდო.
„თვითმფრინავი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული, თუმცა ძლიერი ქარის გამო უკან გაფრენა მოუწია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 18:30 საათზე დაეშვება. სტამბოლის მიმართულებით კი რეისი 19:45 საათზე განხორციელდება“, – განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.
„პეგასუსის“ რეისის გარდა პრობლემები შეექმნა “თურქეთის ავიახაზების” კუთვნილ თვითმფრინავსაც, რომელსაც რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით 17:15 საათზე უნდა განეხროციელებინა, თუმცა რეისი გაუქმდა. მგზავრები სხვადასხვა რეისებზე გადანაწილდნენ.