გიორგი მღებრიშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა (ფოტო/ვიდეო)
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციას შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგებიც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა.
შს მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ევროპის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში, რაც ამჟამად ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამოქმედო მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მღებრიშვილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოსთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.