ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

2016 წლის 18 მაისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
მინისტერიალის შედეგად, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს.
ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.
მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე. მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები