ზაქარია ქუცნაშვილი – არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნათელი თუ ბუნდოვანი განცხადებები განვმარტო

არ ვარ პრეზიდენტის პრესმდივანი, მის განცხადებებს რომ განმარტება გავუკეთო. მე ყველა მოქალაქეს ვუსმენ და პატივს ვცემ მათ განცხადებებს, თუმცა არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ პრეზიდენტის ნათელი თუ ბუნდოვანი განცხადებები განვმარტო. ეს ჩემი საქმე არ არის, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით.
„პრეზიდენტს ჰყავს ადმინისტრაცია და მათ შეუძლიათ პრეზიდენტის ნათელი თუ ბუნდოვანი განცხადებების განმარტება. იგივე არგუმენტი, რასაც ის იყენებს – როგორ გამოთქვეს პოლიტიკოსებმა წინასწარ მოსაზრებები მაშინ, როდესაც საქმის მასალებს არ უნდა იცნობდნენ, არსებობს ზაქარიას მიმართაც და პრეზიდენტის მიმართაც. დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. შესაბამისად, როდესაც ვნახავთ ასეთ გადაწყვეტილებას – როდესაც დაიწერება სასამართლო გადაწყვეტილება, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ პირველი შეფასებები გავაკეთოთ. ყველაზე ობიექტური საზომი კი ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც უნდა გაზომოს და შეამოწმოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. ამ ორი აქტის ურთიერთშედარების საფუძველზე ნეიტრალურ ობიექტურ მხარეს მიეცემა სწორი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა. ზაქარიას არასდროს შეშინებია, გამოქომაგებოდა მართალ ხალხს და არც მომავალში შეეშინდება. ვუბრუნდები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არავის წაუკითხავს. როდესაც კითხვის ნიშნები მაქვს, პოლიტიკოსები რატომ ლაპარაკობენო, ეკითხებიან და იმიტომაც ლაპარაკობენ“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები