ზაქარია ქუცნაშვილი – თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, ეს მარტო პრინციპით -„არ მომწონს“ არ უნდა აიხსნას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციონ სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მისი გადაწყვეტილება კარგად არგუმენტირებული უნდა იყოს, ხოლო თუ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „არ მომწონს“ – პრინციპით იქნება განპირობებული, მაშინ ქუცნაშვილი კანონის თავდაპირველ ვარიანტს დაუჭერს მხარი.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული კანონი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„როდესაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ, შევეცადეთ, აგვეხსნა საზოგადოებისთვის ის არგუმენტაცია, თუ რას ემყარებოდა ჩვენი მოსაზრება. ამიტომაც, განცხადება, რომ მე არ ვეთანხმები, საკმარისი არ არის. თუ გინდათ, რომ შეფასება იყოს ობიექტური, მაშინ ის დასაბუთებულიც უნდა იყოს. დასაბუთებული შენიშვნების გაცნობის შემდეგ კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ, თუ რომელია უფრო მიზანშეწონილი. კონსტიტუციურ დარღვევას მე აქ ვერ ვხედავ, რადგან ყველა ის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ მოვძებნეთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ ყოფილა. მე დაველოდებოდი პრეზიდენტს და თუ იქნება შენიშვნების დასაბუთება, ამის შემდგომ სხვა შეფასებებს გავაკეთებდი“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე განმარტებით, არსებული კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს მაინც დაადებს, ამ გადაწყვეტილების დაძლევა იმდენივე ხმით უნდა მოხდეს, რამდენითაც ეს კანონი იქნა მიღებული. ამის შემდეგ კანონს იგივე ხმების რაოდენობით უნდა ეყაროს კენჭი, თუმცა ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბარი ნაჩქარევია.
„ნაადრევია ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა. ჩვენ წარმოვადგინეთ დასაბუთება, თუ რატომ ჩავთვალეთ ამ კანონის მიღება საჭიროდ. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მყარად დაასაბუთებს და იტყვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მცდარი იყო, მაშინ მე დავფიქრდები, თუ ეს ვერ დასაბუთდა და ის მარტო „არ მომწონს“ – პრინციპით იქნება ახსნილი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მე თავდაპირველ ვარიანტს დავუჭერ მხარს“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები