კახა კალაძე: საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში

„საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „რედისონში“ რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64-ე სხდომაზე განაცხადა.
სხდომა, რომელსაც 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნეს.
„სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები ეს არის პატარა თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზას წამყვანი როლი უკავია ამ გეოინტეგრაციულ კომუნიკაციაში. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე, ისტორიულად იყო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურული კავშირების უმოკლესი და ეფექტური გზა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საბჭოს სხდომას ესწრება საქართველოს, ბელორუსიის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ირანისა და ესტონეთის 180 წარმომადგენელი.
საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მიმდინარე ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას უწყობს ხელს. აღნიშნული საბჭო 1992 წელს შეიქმნა და წელიწადში ორჯერ იმართება. მისი მთავარია მიზანია, შეიმუშაოს ტექნოლოგიური და ტექნიკური დოკუმენტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საბჭოს წევრი ქვეყნების რკინიგზების ურთიერთთანამშრომლობას საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში. საბჭოს სხდომა ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები