დავით ზურაბიშვილი: მერიამ და უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა ძალიან კონფრონტაციული ტონი აირჩია

თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ კონფრონტაციული ტონი აირჩია, რაც, მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელია.
„სამწუხაროდ, თბილისის მერიამ და უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა პირველივე წუთიდანვე ძალიან კონფრონტაციული ტონი აირჩია. ჯერ გამარჯობა არ ჰქონდათ ნათქვამი და გადავიდნენ შეტევაზე. უმრავლესობის წევრები და მერი ცდილობდა დღევანდელი დღე წარმოეჩინათ, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას იწყებდნენ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა ჟურნალსიტებთან საუბარში.
მისივე მოსაზრებით, თბილისის მერი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის. „ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზაობას. რასაც მე ვუყურებ, ძირითადად, ბრალდებებს ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, აი, საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო ისე. ჯერჯერობით, სულ იმ 9 წელთან არის შედარება“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები