„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი, ვინც დღეს ამ დარბაზში ზის, კოლოსალურ პრემიებს იღებდა“

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი, ვინც დღეს ამ დარბაზში ზის, კოლოსალურ პრემიებს იღებდა – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, “ნაციონალური მმართველობის“ პერიოდში – 2012 წელს პრემიების სახით 10 მილიონ ლარზე მეტი დარიგდა, 2013 წელს – 17 მილიონი, 2014 წელს კი – 15 მილიონი ლარი.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში – ჯერ კიდევ 2014 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შევამცირეთ პრემიები და დანამატები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი, ვინც დღეს აქ, ამ დარბაზში ზის, კოლოსალურ პრემიებს იღებდა, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობით, მათი მმართველობის პერიოდში, 2012 წელს, პრემიების სახით 10 მილიონ ლარზე მეტი დარიგდა, 2013 წელს – 17 მილიონი, 2014 წელს კი – 15 მილიონი ლარი.
მაშინ, როცა 2015 წელს ეს თანხმები გავანახევრეთ და 2016 წელს კიდევ უფრო მეტად შევამცირეთ, ასევე მნიშვნელოვნად შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები მივლინებასა და კომუნიკაციაზე და ამ დაზოგილმა ფინანსებმა საშუალება მოგვცა, ძალიან ბევრი ისეთი პრიორიტეტული მიმართულება დაგვეფინანსებინა, რაც თავის დროზე არ ფინანსდებოდა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: ადამიანები, რომლებიც კოლოსალურ პრემიებს, თანხებს იღებდნენ – რას აკეთებდნენ?!“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მმართველობის“ დროს მერიის ბიუჯეტიდან პიარის მიმართულებაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
“მათი მმართველობის ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ პიართან დაკავშირებით 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ეს იყო მასობრივი პროპაგანდის პერიოდი. ეს იყო ძალიან დიდი ოდენობის პრემიის და დანამატის ჯიბეში ჩადების პერიოდი და ამას განსაკუთრებით საზღვარი არ ჰქონდა, როცა 2012 წელს არჩევნების შემდეგ ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ცენტრალურ მმართველობაში და ადგილობრივ დონეზე, ჯერ კიდევ განუკითხაობა იყო“, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები