ზვიად ძიძიგური თამაზ მეჭიაურის პარტიიდან წასვლას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის პარტიიდან წასვლას ეხმაურება. შეკითხვაზე, თუ ვინ იქნება მეჭიაურის ახალი პარტიის წევრი, ის აცხადებს, რომ ინფორმაციას ამასთან დაკაშირებით არ ფლობს, თუმცა, ძიძიგურის განცხადებით, არჩევნები კარზეა მომდგარი და საზოგადოება მალე შეიტყობს, როგორი პოლიტიკური კურსის მქონე პარტიები შეიქმნება.
„კოალიცია „ქართული ოცნება“ მემორანდუმის ირგვლივ შედგა და იქ ცალსახად იყო დაფიქსირებული დასავლური სტრუქტურების მიმართ ინტეგრაციის სურვილი. ჩვენ, ყველანი ხელს ვაწერდით იმას, რომ ევროკავშირი და ნატო ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არ იზიარებს ამ პოზიციას, ამას ჩვენ შემდეგი არჩევნების წინ შევიტყობთ. როდესაც თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მის გუნდში არიან უმრავლესობის სხვა წევრებიც, ალბათ ისინი დაფიქსირდებიან კიდეც მეჭიაურთან. ახლა ვარაუდებით ვერ ვისაუბრებ. არჩევნები მალე მოვა და ყველანი ვნახავთ, ვინ რომელი მიმართულებით შექმნის პარტიას თუ ბლოკს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
შეკითხვაზე, თუ რა ფორმით მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „კონსერვატორები“, ძიძიგურმა განაცხადა, რომ გამორიცხული არც კოალიციაა და არც არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლაა.
„ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, უბრალოდ გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვღებულობთ – პოლიტსაბჭოს ფორმატში, სადაც გადაწყვეტილების მიღებაში 20 ადამიანი მონაწილეობს. პოლიტსაბჭოს მხრიდან კონკრეტული სამუშაოების ჩატარება დაგვევალა. თუ რა მიმართულებებით მიიღებს “კონსერვატიული პარტია” არჩევნებში მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ და პოლიტსაბჭო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები