ზვიად ძიძიგური – ჩვენ არ ვუჭერთ მხარს გერმანულ მოდელს, ის სუსტი პარტიებისთვის არის შექმნილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური არსებული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელით“ ჩანაცვლების წინააღმდეგია.
როგორც მან დღეს „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული მოდელი საქართველოსთვის შესაძლოა, საფრთხის შემცველიც იყოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველ ადგილზე გასული პარტიები ვერ შეძლებენ მთავრობის დაკომპლექტებას. ძიძიგური მიიჩნევს, რომ გერმანული მოდელი სუსტი პარტიებისთვის არის შექმნილი.
„კონსერვატორები“გერმანულ მოდელ მხარს არ ვუჭერთ. როგორც ვიცი, უმრავლესობაში შემავალი სხვა ფრაქციების ნაწილიც არ უჭერს ამას მხარს. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც „რესპუბლიკელებმა“ შემოიტანეს გერმანული მოდელი. არის მოდელები, რომლებიც სუსტ პარტიებზე და ძლიერ პარტიებზეა მორგებული. გერმანული მოდელი მკვეთრად სუსტი პარტიებისთვის არის შექმნილი, მას გააჩნია გარკვეული საფრთხეები და ეს საფრთხე გახლავთ ის, რომ პარტიამ, რომელიც პირველ ადგილზე გავა, შესაძლოა, ვერ დააკომპლექტოს მთავრობა, რაც სამთავრობო კრიზისს წარმოიქმნის. ეს მოდელი 1946 წელს მიიღეს, როდესაც მსოფლიომ ფაშისტური გერმანია დაამარცხა. მაშინ სურდათ, რომ ასეთი ტიპის პარტიების მოსვლისგან დაეცვათ ქვეყანა. მოდელის პირდაპირ გადმოღება არავითარ გონიერებასთან არ არის ახლოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გერმანული მოდელის შემოთავაზებით რაიმე ტიპის სამართლიანობის მიღწევაა შესაძლებელი, გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ მთავრობის დაკომპლექტება გაჭიანურდეს“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები