არასამთავრობოებს განსხვავებული პოზიცია აქვთ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი პრეზიდენტმა კანონს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწეროს, თუმცა ხელმოწერა დროში გაწელოს.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადეს.
როგორც ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წევრმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანონი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მომშლელი, რადგან კონსტიტუციური კონტროლის ფუნქციას ართმევს სასამართლოს.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა ხელმოწერა დროში უნდა გაწელოს, რათა არასამთავრობოებს მიეცეთ დრო, კანონი, კარგად შეისწავლონ და მოამზადონ სარჩელი, თუმცა, ამავე დროს, კანონმა ამოქმედება ვერ მოასწროს.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, არასამთავრობოებს განსხვავებული პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი პრეზიდენტმა კანონს, თუ ვეტო უნდა დაადოს.
ავალიშვილის თქმით, IDFI აღნიშნულ კანონს აუცილებლად გაასაჩივრებს და რა ვადებში მოხდება ეს, უკვე კანონზე ხელმოწერაზეა დამოკიდებული.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქვეყნის პირველი პირი მრჩევლებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები