გია ვოლსკი: დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა

ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოსაზრება გამოთქვა, თუ რატომ არ ესწრებოდა დავით უსუფაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას.
გია ვოლსკის განმარტებით, აუცილებელი არ არის, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელი დაესწროს ყრილობას. მისივე თქმით, თავადაც არ იმყოფებოდა ”რესპუბლიკური პარტიის” ყრილობაზე. გია ვოლსკის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, დავით უსუფაშვილი ბათუმში უნდა წასულიყო.
„დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა, ენერგიული, კარგად ალაგებს პარლამენტის მუშაობას. მეორე საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილში ცნობილი არ არის პარლამენტი როგორ მუშაობს, რას აკეთებს. ჩვენ ხომ ყველაფერს პიარს ვაბრალებთ, ალბათ იმის ბრალია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა დავით უსუფაშვილისნაირი პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა თავისი პარტიული შეხედულებები აქვს.
” საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით გავცდით ერთმანეთის პოზიციებს, ერთი მუხლი ვერ შევათანხმეთ, მაგრამ სხდომაზე პასუხისმგებლობით მოვიდა თვითონაც და რამდენიმე ”რესპუბლიკელი”, კვორუმი შეადგინა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შექმნოდა შაბათ დილას სხდომის დაწყებას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პარლამენტარმა ”რესპუბლიკელ” მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისი განცხადება არ მოეწონა, თუმცა დეპუტატმა ზაქრეიშვილის წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა.
„მისი განცხადება არ მომეწონა, მაგრამ პაატა არის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობიდან, 90-იანი წლების სავალალო ომის დროს ველზე იდგა და დაჭრილებს, ტყვეებს, თუ დახოცილებს ცვლიდა, აფხაზებთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. ძალიან გულადად და ერთგულად ემსახურებოდა ქვეყანას. შეცდომა კი არ არის ის, რაც მან განაცხადა, სახელმწიფო მინისტრს არ უნდა გაეკეთებინა“ , – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რამდენიმე დღის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად საკითხზე მმართველი პარტიის დუმილი აკვირვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები