საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა

პეკინში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზად არის, მოლაპარაკებები 2016 წლის ბოლომდე დაასრულოს.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეებს შორის მოხდა შეთავაზებების გაცვლა საქონლით ვაჭრობის და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილში. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საბაჟო პროცედურების, წარმოშობის წესების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილებში.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ ერთეულის ჰონგ-კონგის წარმომადგენლები.
ჰონგ-კონგის მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიუერთდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საქართველოს დამატებით გაეხსნება 1.4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მესამე რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაუნდებს შორის თემატური შეხვედრები ჩატარდება.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები