მამრაძე “ნაციონალებთან” დაკავშირებით ბურჭულაძეს კითხვებით მიმართავს

პარლამენტის ყოფილ წევრის, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძისთვის პაატა ბურჭულაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.
როგორც მამრაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პაატა ბურჭულაძე არსებული ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს, ყოფილი ხელისუფლების მანკირებებს კი ობიექტურ შეფასებას არ აძლევს.
მამრაძის თქმით, მას არ შეუძლია ცალსახად იმის თქმა, რომ ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, თუმცა პოლიტოლოგი ამბობს, რომ ბურჭულაძესთან, როგორც პოლიტიკოსობის პრეტენზიის მქონე ადამიანთან, უამრავი კითხვა აქვს.
„პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის შეფასებისგან თავის შეკავებას გავუგებდი, მაშინ, როცა ის ხელოვანი იყო. მაშინ ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა, ჩვენი ქვეყნის სახელი გაჰქონდა მსოფლიოში, ასევე არაჩვეულებრივი პროექტი იყო ფონდი “იავნანა“. მაგრამ მისი მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ბურჭულაძე გამოდის და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში უიმედობაა და უნდა, რომ სიტუაცია შეცვალოს, მაინტერესებს, როდესაც 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ყოფილ ხელისუფლებას, როცა ატერორებდნენ ბიზნესმენებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც ბურჭულაძე პირადად იცნობდა, დღეს რატომ არ აფასებს იმ 9 -წლიან მმართველობას ობიექტურად?! იმ პერიოდს, როცა სააკაშვილის სადისტური სისტემა მოქმედებდა და დღეს დოკუმენტურადაც დადასტურდა ეს ყველაფერი.
ობიექტური შეფასება უნდა სააკაშვილის მიერ 2008 წელს გადადგმულ საბედისწერო ნაბიჯებს, თავისი მოქმედებით 2008 წელს სააკაშვილმა ხელი შეუწყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას და ნატოსკენ მიმავალი გზის ჩახერგვას. ადამიანი, რომელიც მოდის პოლიტიკაში და ობიექტურად არ აფასებს ამ ყვლაფერს – ჩემთვის მისაღები ვერ იქნება.
მე ყოველდღიურ რეჟიმში ვაკრიტიკებ არსებულ ხელისუფლებას, თუმცა ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილის უდიდეს წვლილს, როგორც ადამიანის, რომელმაც მოგვაშორა ეს საშინელი სისტემა. თუმცა სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და იმის ნაცვლად, რომ ბურჭულაძემ ეს გააკრიტიკოს, გამოდის და სრულიად გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკოსობის პრეტენზიის მქონე ადამიანის მსგავსი პოზიციები ჩემთვის მიუღებელია“, – განუცხადა მამრაძემ “კვირას“.
პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
„სახელმწიფო ხალხისთვის“, – ასე ერქმევა მოძრაობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბურჭულაძის გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ და აცხადებენ,რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა საგარეო და ეკონომიკურ კურსს აირჩევს ბურჭულაძის გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები