გიორგი კვირიკაშვილი: მინდა ყველას მივულოცო „ბაქო-სუფსას ენერგეტიკული დერეფნის” 20 წლის იუბილე

„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო–სუფსას ენერგეტიკული დერეფნის” 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტატეგიული პარტნიორობისა, – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.
პრემიერ–მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიურ დინამიკას.
აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში არსებული მზარდი პოტენციალი.
მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ისაუბრეს ორი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ 20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები