” მოსამართლის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მართლმსაჯულება ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას“

„ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას“, – ამის შესახებ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, დაცვის მხარის არგუმენტები, ძირითადად, იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა.
„დაცვის მხარის არგუმენტები, მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში იყო საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა საქმეში. მოსამართლის გადაწყვეტილებასთან მიმართებით, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა აღლემაშვილმა.
ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმეში ძირითადი მტკიცებულებები დოკუმენტური მტკიცებულებები იყო, რომელსაც, მისი თქმით, უმაგრესი ხარისხი აქვს.
„ამ საქმეში ძირითადი მტკიცებულებები იყო დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელსაც, როგორ წესი, აქვს უტყუარობის უმაღლესი რანგი და ხარისხი. მოცემულ საქმეში, მოსამართლის გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა ის მტკიცებულებები, დოკუმენტები, რომელიც ასახავდა სახელმწიფოს შესყიდვის განხორციელების პროცესს“, – განაცხადა აღლემაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. პროკურორის ცნობით, მათ კვალიფიციური ექსპერტები წარადგინეს სასამართლოში, რომლებმაც მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთეს იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რაც იყო ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები