მამუკა არეშიძე: სახეები, რომლებიც უკვე პოლიტსაბჭოში არიან, აუცილებლად მოხვდებიან სიის ოცეულში

კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში არჩეული ახალი სახეები აუცილებლად მოხვდებიან პარტიული სიის ოცეულში.
აღნიშნულის თაობაზე მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იმის საპასუხოდ აცხადებს, რომ არსებობდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე საარჩევნო სიის კონტურები გამოიკვეთებოდა.
„გამოიკვეთა კიდეც. ეს ახალი სახეები, რომლებიც უკვე პოლიტსაბჭოში არიან, აუცილებლად მოხვდებიან სიის ოცეულში“, – აცხადებს მამუკა არეშიძე. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს წევრებიდან, რამდენიმეს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს გიორგი კვირიკაშვილთან, რის გამოც მას მიეცა საშუალება, საკუთარი კანდიდატურები შეეყვანა პოლიტსაბჭოში და შესაძლოა, ამაში ბიძინა ივანიშვილმა, მართლაც, არ მიიღო მონაწილეობა.
„ყრილობამ, ჩემი აზრით, უფრო მეტად გამოაჩინა წინასაარჩევნო პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა. ის დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში მიმართავს საზოგადოებას წერილით. ჩვენ საინტერესო გამოცდილება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის წერილობითი მიმართვების. ვფიქრობ, ეს იქნება წინასაარჩევნო წერილი საპროგრამო დეტალებით“, – აღნიშნავს ექსპერტი.
„ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა, სადაც პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იქნა არჩეული, 14 მაისს გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე.
გარდა ამისა, პარტიის პოლიტსაბჭოს შეუერთდნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი და პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კოღუაშვილი, იურისტი მამუკა მდინარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ირინე ფრუიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რომან კაკულია, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარი აკაკი ზოიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები