სოსო ვახტანგაშვილი, სავარაუდოდ, გორის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, გორის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, – ამის შესახებ პორტალ „კვირაში სტუმრობისას მან დღეს თავად განაცხადა.
„არ უარვყოფ და არ დავიწყებ პოლიტიკურ კეკლუცობას. ვფიქრობ, რომ გორის რაიონში ვიყარო კენჭი, ვინაიდან ჩემთვის ნაცნობია ის სპეციფიკა, რომელიც არის ამ რაიონში და ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ ამ რაიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ვგულისხმობ საუკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლების საკითხს და ამასთან დაკავშირებით საჭირო პოლიტიკის შემუშავებას. მე მაქვს სერიოზული კავშირები, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თქვენ იცით, რომ „ეროვნული ფორუმის“ და ჩემი უშუალო ჩართულობით შეიქმნა ის ცნობილი საფეხბურთო კლუბი, რომელშიც 15-20 ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს.
ისინი ცხოვრობენ ცხინვალში და ვლადიკავკაზში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მე შემიძლია კიდევ შევასრულო გარკვეული ფუნქცია და თუ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება ამ კუთხით, სერიოზულად ვფიქრობ, რომ გორის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად ვიყარო კენჭი. არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ეს ოფიციალურადაც განვაცხადო. მართალია, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუმცა 90 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ვმუშაობ და, სავარაუდოდ, ასეც გადაწყდება“,- განაცხადა ვახტანგაშვილმა.
შეკითხვაზე, თუ რა ეტაპზეა წინასაარჩევნოდ „ეროვნული ფორუმი“, მან განაცხადა, რომ პარტიაში შიდა სამზადისი მიმდინარეობს და ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო პროცესია. წინასაარჩევნო პროგრამას კი პარტია, სავარაუდოდ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე წარადგენს.
„ეროვნული ფორუმი“ საძირკვლის მშენებლობის სტადიაშია და როდესაც გსურს, რომ მყარი შენობა ააშენო, პირველ რიგში, მყარი საძირკველი უნდა ჩაყარო. ამ ეტაპზე, ჩვენ შიდა მუშაობით ვართ დაკავებულნი, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად არის საინტერესო. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი აქტიურობა გვექნება. სიანტერესო პროგრამაზე ვმუშაობთ პარტიაში. რამდენიმე მიმართულებაა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულება, ჯანდაცვა თუ სოციალური სფერო. ეს პროგრამები არჩევნებამდე ალბათ ორი თვით ადრე იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა ვახტანგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პესკონფერენციაზე ვახტანგიშვილი ხელისუფლებას გორში, სეტყვის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების თხოვნითაც მიმართავს. მისი განცხადებით, ბოლო დღეებში მომხდარმა სეტყვამ რამდენიმე სოფელს, მათ შორის შინდისს და გამყოფ ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მასნ ხელისუფლებას ამ ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები