არჩილ გამზარდია: თუ ბურჭულაძე „ნაციონალებთან“ ითანამშრომლებს, ეს მას ნეგატიურ შედეგს მოუტანს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძის ახლად შექმნილ პარტიას შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხს აფასებს და ამბობს, რომ თუ ალიანსი შედეგება, ეს ბურჭულაძის პარტიაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
როგორც გამზარდიამ “კვირას“ განუცხადა, ბურჭულაძის პარტიის, როგორც ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალის მიმართ, შედარებით დიდი მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში და თუ ისინი „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას გადაწყვეტენ, ეს მოლოდინი გაქრება.
“თუ ბურჭულაძე ითანამშორმლებს „ნაციონალებთან“, ეს მის პარტიას რაიმე დადებითს ვერ მოუტანს, პირიქით, ნეგატიურად იმოქმედებს მათ იმიჯზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ელექტორატი. ეს ელექტორატი არც გაიზრდება და არც შემცირდება, ან ნელი ტემპით შემცირდება.
ბურჭულაძის ძალის, როგორც ახლად შექმნილი პარტიის მიმართ, მოლოდინები გაცილებით დიდია.
თუკი ისინი “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შევლენ, სავარაუდოდ, დაკარგავენ ამ მოლოდინებსაც, რაც მათ მიმართ არსებობს. პროცედურული თვალსაზრისითაც, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე შეუძლია მაქსიმუმ 12-15 კაცის გაყვანა. თუ მათ ბურჭულაძე შეუერთდა, კვოტების გადანაწილების პრობლემა შეიქმნება, თუ „ნაციონალებს“ და ბურჭულაძეს საერთო ინტერესები გააჩნიათ, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შეუძლიათ ამ ინტერესების კონსოლიდირება“, – განუცხადა “კვირას“ არჩილ გამზარდიამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვება, არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ მისგან, როგორც ანალიტიკოსისგან, მსგავსი განცხადების გაკეთებისთვის მეტი მოცემულობაა საჭირო.
“ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებები უმეტესწილად ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება ბურჭულაძეს და მის პოლიტიკურ ძალას, მათ მიმართ შეფასების გაკეთებას, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს მიჰყვებიან, ჩემთვის მეტი მოცემულობა სჭირდება“, – განუცხადა “კვირას“ არჩილ გამზარდიამ.
პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. „სახელმწიფო ხალხისთვის“, – ასე ერქმევა მოძრაობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბურჭულაძის გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა საგარეო და ეკონომიკურ კურსს აირჩევს ბურჭულაძის გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები