თინა ხიდაშელი: ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა

 

საქართველოსთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილურობაა და ამ მიზნით ქვეყანა ყველა მეზობელთან სათანადოდ თანამშრომლობს-ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანში სამმხრივი მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე დასმულ შეკითხვას.
” ჩვენ არ ვირჩევთ! არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ერევანში ვიყავი 2016 წლის იანვარში, სადაც ვთქვი, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან… საქართველოს ბევრი მეგობარი, პარტნიორი ჰყავს. ჩვენ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის რეგიონში მშვიდობაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ვიყოთ სტაბილურობის პაქტის ნაწილი, რომ ვიყოთ მშვიდობის ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ის ჩვენი მეზობელია და ჩვენს შორის პრობლემები არ იქნება, მაგრამ, როგორც ვთქვით არსებობს პარტნიორობა, გზა, სადაც ერთად მივდივართ – თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოს ნატოს წევრობა სურს. ეს ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას განსაზღვრავს. სომხეთმა განსხვავებული არჩევანი გააკეთა, ის ევრაზიულ კავშირში შევიდა, ჩვენ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ეს ასევე განსაზღვრავს სომხეთთან ჩვენი თანამშრომლობის დონეს – მეგობრულს, სტრატეგიული თანამშრომლობის გარეშე. ჩვენთან, საქართველოში სომხების დიდი დიასპორა ცხოვრობს, ისეთივე უფლებებით, როგორიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სწორედ ამიტომ, მათთან მეზობლობა და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, ეს ერთადერთი გზაა, რომელიც სამომავლოდ გვესახება. ამ მიმართულებით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, თუ იქნება განსაზღვრული, რომ საქართველო მიიღონ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და იმუშაონ ჩვენთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან.” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები