თინა ხიდაშელი თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს. გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს.”
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.
“საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც – სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის”, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები