ბობოხიძე “ნაციონალებისა“ და ბურჭულაძის პარტიის შესაძლო თანამშროლობაზე: ეს დამოკიდებულია მათ პოლიტიკურ ხედვაზე

თანამშრომლობა შეიძლება ყველა იმ ადამიანთან, რომლისთვისაც საქართველოს განვითარების სტრატეგიული ხედვა დასავლურია – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიების შესაძლო ალიანსის თაობაზე “კვირას“ მიერ დასმულ კითხვას.
ბობოხიძის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამინებით დაკომპლექტდება ბურჭულაძის გუნდი.
“ჩემი აზრით, თანამშრომლობა შეიძლება ყველა იმ ადამიანთან, რომლისთვისაც საქართველოს განვითარების სტრატეგიული ხედვა დასავლურია. ვნახოთ, ბურჭულაძის შემთხვევაში რა იქნება, რა ტიპის მაჟორიტარები ეყოლება. მაგალითად, “ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არის პროდასავლური ტიპის ძალა, მაგრამ კოალიცია სავსეა პრორუსი დეპუტატებით, ასე რომ, მარტო განცხადება არ კმარა. თუ დავინახეთ, რომ პარტიაში არიან ადამიანები რომლებიც ისევ საბჭოთა კავშირში არიან ჩარჩენილები, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება თანამშრომლობა, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ პარტია დაკომპლექტდება საქართველოს მომავალზე ორიენტირებული ადამიანებით ნებისმიერ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლებთ.
თითოეული ადამიანის რესურსს სჭირდება გაფრთხილება, გამოყენება, ეფექტური რესურსი უნდა იყოს ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებული, იქნება ეს ადამიანი პაატა ბურჭულაძის თუ რომელიმე სხვა პარტიაში. თუ ღვთის ნებით, “ქართულ ოცნებასაც“ ეყოლება ჯანსაღი ადამიანები თავიანთ რიგებში, რომლებიც დადგებიან პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის განვითარების გზაზე, კონკრეტულ ადამიანებთანაც არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას“, – განუცხადა “კვირას“ აკაკი ბობოხიძემ.
პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. „სახელმწიფო ხალხისთვის“, – ასე ერქმევა მოძრაობას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები